ნეფერტიტი..
სინათლე იყო დიდი და ჩახჩახა. მასთან შედარებით სხვა სინათლე სიბნელედ მოგეჩვენებოდათ.
ოსტატს გული ბაგაბუგით უცემს.
არ იცის დაწყევლოს თუ დალოცოს ის წუთი, როცა პირველად მოჰკრა თვალი დედოფალს.
პოეტმა და ფარაონმა ახალი სატახტო ქალაქი ააგო და ღმერთები გამოცვალა.
ენერგიული და ავადმყოფი.
ალბათ ავადმყოფური ენერგია.
სატახტო ქალაქზე და ღმერთებზე როგორ უნდა იფიქრო ასეთი დედოფლის გვერდით.
ფარაონს უყვარს დედოფალი და ლექსებს უძღვნის. მაგრამ არ იცის ამ სიყვარულის ფასი, რადგან დედოფალი მას ეკუთვნის.
ოსტატს მხოლოდ ქვა ეკუთვნის და ქვის დედოფალი.
ისიც მალულად, ნაპარავად.
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
გრძნობს, რომ მოვლენ.
ქვას რომ ეხება, გული ისე უცემს,თითქოს ქვის დედოფალი ნამდვილი იყოს.
რატომაც არა!
ქვის დედოფალი შეიძლება ნამდვილზე უფრო ნამდვილი იყოს.
დედოფალო!
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
ფარაონის გული ხარბია, არც ქვას შეგარჩენს.
რა ნაზია, დედოფალო, შენი სული.
რა სპეტაკია, დედოფალო,შენი შუბლი.
რა ნატიფია,დედოფალო, შენი სახე.
რა სევდიანია, დედოფალო, შენი თვალები.
ქვის სული, ქვის შუბლი, ქვის სახე, ქვის თვალები.
არც ქვას შეგარჩენს ფარაონი.
ოღონდ ოსტატმა არ იცის როგორ თლის და როგორ აქანდაკებს.
ურყევად მხოლოდ თავისი სიყვარული სწამს.
თუმცა სხვა რა უნდა გწამდეს ამქვეყნად.
სიყვარული ააფეთქბს ნიჭს, შთაგონებას გააღვიძებს, მარჯვენას სიფაქიზესა და სიმტკიცეს შემატებს. სიყვარული თვითონ გამოთლის და გამოაქანდაკებს დედოფალს.
ხვალ ფარაონის კაცები მოვლენ.
ფარაონის კაცები ილუზიებზე ნადირობენ.
უნდა მოასწროს ოსტატმა. ოსტატი გადამალავს თავის სიყვარულს.მიწაში ჩაფლავს, როგორც ნაქურდალ საუნჯეს.იქ ვერავინ მიაგნებს..
…ეტლით შემოგრიალდნენ ფარაონის კაცები.
ცუდ დროს მოვიდნენ ფარაონის კაცები.
ოსტატი დედოფლის ქანდაკებას მიწას აყრიდაო!
მკრეხელობაო!
ავის მომასწავებელი ნიშანიო!
ოსტატს თვალების დახუჭვის ეშინია, რადგან სინათლე დიდია და ჩახჩახა.
თორემ სიკვდილი რა ბედენაა! ქვის დედოფალი ხომ დარჩა ქვეყანას?
პირზე ღიმილით მოკვდა ოსტატი.
მზე ოქროსფერია. სინათლე დიდია და ჩახჩახა.
ნილოსი წევს და ზანტად სუნთქავს.
პალმები არ ირხევიან.
ქვის დედოფალი, ნატიფი და სევდიანი, ვარსკვლავების სიმაღლიდან დაჰყურებს ქვეყანას.
ცა ულურჯესი, ღრმა, კამკამა,
დრო მყარი და უძრავი, მარადისობის კედლებში მოქცეული.
გზა უსასრულო.
უსასრულობაში მიმავალი უძრაობა.
ოსტატი პირზე ღიმილით მოკვდა, რადგან იცოდა, რომ ქვის დედოფალი ნამდვილზე უფრო ნამდვილი იყო.
სიტყვა ვერ ახსნის ღიმილს, დედოფალო.
Tags: :), მზე, სასწაული, ღამე, ცა, ჯემალ ქარჩხაძე, beauty
You can comment below, or link to this permanent URL from your own site.